19 აგვისტო 2019,   19:25
ვრცლად
"მე არაფრით არ მისარგებლია," - ლევან ჯიბღაშვილი მის გათავისუფლებასთან შს მინისტრის პირველი მოადგილის კავშირს უარყოფს

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით, მას შემდეგ დატოვა, რაც გირაო გადაიხადა. მანამდე კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძისა და ლევან ჯიბღაშვილის არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები. რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ჯიბღაშვილი, სწორედ საბანაძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. ლევან ჯიბღაშვილმა, მაღალჩინოსანთან ნაცნობობა არ უარყო, თუმცა თქვა რომ საბანაძე მის გათავისუფლებაში არ ჩარეულა.

"ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან პირადი ურთიერთობით. კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია, ფაქტიც სახეზეა საიდანაც გამოვდივარ მე არაფრით არ მისარგებლია," - აცხადებს ჯიბღაშვილი.

მისი კუთვნილი მანქანიდან ამოღებულ ნარკოტიკზე, მსახიობი ამბობს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"მე ეს ყველაფერი დავადასტურე, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ, ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი," - აცხადებს ჯიბღაშვილი.

კითხვაზე რატომ ჰქონდა მას ნარკოტიკი მანქანაში, მსახიობმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებს. ამავე მიზეზით ჯიბღაშვილი არ ამბობს რა სახის ნარკოტიკებზეა საუბარი და მის მეირ იყო თუ არა შეძენილი აღნიშნული ნივთიერება. 

ბრალდებულმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების პროცესში ახსენებდა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის გვარს. ჯიბღაშვილმა აღნიშნა, რომ ის ითხოვდა ერთ-ერთი ადვოკატის, კახა ასლანიშვილის ან ამირან გიგუაშვილის დასწრებას. 

დღის ამბები