20 აგვისტო 2019,   08:11
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეებმა საგამოძიებო უწყებასთან მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დღეს 12:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრის ეკისრება. მათი განცხადებით, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ არაერთი დაშავებული და დასახიჩრებული ადამიანია.

მოქალაქეების განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გადადგეს გახარია და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ძალაუფლებას გადააჭარბეს.

აქცია დღეს პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება. აქციის მეხუთე დღეს მათი მოთხოვნები თითქმის უცვლელია - ისინი ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას, ასევე, დამნაშავეების დასჯას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოთხოვნას, რომელიც პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას შეეხება, დღეს მმართველმა გუნდმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა, ნულპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

დღის ამბები