16 ივლისი 2019,   00:58
ვრცლად
სისხლიანი ღამე - "კურიერის" ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს, იმაზე მეტი დაშავებული ჰყავს, ვიდრე გახარიას უწყება ასაჯაროებს 

ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სისხლიანი ღამის შემდეგ ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია 2 დაშავებული. კლინიკა დატოვა დღეს 18 წლის მაკო გომურმა, რომელიც რიგითმა მოქალაქეებმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს გაიცნეს.

მასთან მოქალაქეები საავადმყოფოში, მადლობის გადასახდელად მივიდნენ. ჰოსპიტალში შეკრებილებისთვის და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის მთელი საქართველოდან მაკო ბოლო ხუთი დღეა, პრინციპებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 18 წლის მაკო გომურმა სისხლიან ღამეს, რუსთაველის გამზირზე ცალი თვალი დაკარგა. 

მაკოსთან ერთად, "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში "რუსთავი 2"-ის დაცვის თანამშრომელი ამ დრომდე, მკურნალობს. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 

"კურიერმა" გაარკვია კიდევ ერთი პაციენტის ვინაობა, რომელსაც თვალზე მძიმე დაზიანებები აქვს და მის შესახებ ამბავს, საქართველოს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა. პაციენტ ლეთოდიანს 20 ივნისის ღამეს, დამიზნებით თვალში ესროლეს და ექიმები დღემდე იბრძვიან, რომ მინიმალური შანსი გამოიყენონ მხედველობის შესანარჩუნებლად. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის დარბევის დროს მხედველობა მხოლოდ 2-მა ადამიანმა დაკარგა. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ საშიშ ტყვიებს იმაზე მეტი მსხვერპლი ჰყავს, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვითხრა. საბა სერგიასა ტყვია სპეცრაზმმა დამიზნებით თვალში მაშინ ესროლა, როდესაც დაჭრილ მოქალაქეებს ეხმარებოდა. ცალ თვალში ამ დრომდე ვერ ხედავს, თუმცა აქციაზე, ამჯერად გახარიას გადადგომის მოთხოვნით ისევ დაბრუნდა.

საბედისწერო ღამეს დაშავებულებიდან 1 სამართალდამცველი და 15 სამოქალაქო პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათგან 2 მდგომაროება მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე არიან.

 

 

 

დღის ამბები