10 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
გვაქვს საკონკურსო პროგრამები, მათ შორისაა საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობაც - ნანა დოლიძე

საქართველოს განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის" განცხადებას გამოეხმაურა. ნანა დოლიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო დაზარალებულ გამომცემლობებს შეუძლიათ სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსებით ისარგებლონ.

​"ჩვენ გვაქვს საკონკურსო პროგრამა, რომელიც, პრაქტიკულად, იძლევა შესაძლებლობას შემოქმედებით სექტორში მოღვაწე ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსი, რომელსაც სამინისტრო სთავაზობთ მას საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, მათ შორის გახლავთ საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობაც. სწორედ ამ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით​ მუშავდება განსხვავებული საკონკურსო პირობები,"- განაცხადა ნანა დოლიძემ.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი თინა მამულაშვილი ამბობს, რომ გაზრდილი დოლარის კურსის გამო ახლად დაბეჭდილი წიგნების საფასური, სავარაუდოდ, გაიზრდება. 

"ძალიან ხშირად ჩვენი წიგნების წარმოების ფასი დოლარის კურსზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი იქნება კურსი, ბუნებრივია, იძულებული გავხდებით, რომ შესაბამისი გასაყიდი ფასი დავადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე ის გამომცემლებიც დადგებიან, რომლებიც საქართველოში ბეჭდავენ, იმიტომ, რომ იმპორტირებულია ქაღალდი და წიგნის ბეჭდვის ძირითადი ნაწილი სწორედ ქაღალდზე მოდის. შესაბამისად, აქაც გაძვირდება ბეჭდვა. შესაბამისად, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ შევინარჩუნოთ ახალ წიგნებზე დაბალი ფასები, ალბათ, ეს გაგვიჭირდება, თუმცა ძველ წიგნებზე არ გავზრდით ფასებს,"- განაცხადა თინა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ" განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელისა და საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის სახელზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. ასოციაციის ინფორმაციით, შეზღუდვების გამო საგამომცემლო სექტორმა უკვე 6 მილიონი ლარით იზარალა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერას სთხოვს.

დღის ამბები