შექმნილი ვითარების და დაწესებული შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად იზრდება გამომცემლების ზარალიც. მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის და კრიზისის ფონზე, ბოლო თვენახევრის განმავლობაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, სექტორს უკვე 6 მილიონი ზარალი მიადგა.
არსებობს საფრთხე, რომ თანხა გაორმაგდეს, თუ გამომცემლებისთვის ონლაინ ვაჭრობის აღდგენის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები არ გამარტივდება.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 9 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთის თანახმად, ასოციაციის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ და ელოდებიან, რომ განათლების სამინისტრო არსებული და სამომავლო პროექტების შემთხვევაში ფინანსურ მხარდაჭერას გაზრდის.
"თუ გახანგრძლივდა ეს პროცესი, რომელშიც დღეს გვიწევს ყოფნა და ეს მდგომაროება, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, სექტორისთვის ნამდვილად ძალიან რთული იქნება, ძალიან დიდი გამოწვევა იქნება განსაკუთრებით მცირე და საშუალო გამომცემლებისთვის. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 90% ჩვენი სექტორის შედგება მცირე და საშუალო გამომცემლობებისგან. წიგნები ახლა საერთოდ არ გამოიცემა, იმიტომ რომ ეს აკრძალულია და ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს, მათ შორის საგამომცემლო სექტორს, გამომცემლებს, ამ წიგნების გამოცემის ნაწილში, არის ძალიან ბევრი გაჩერებული პროექტი, რომლის ბედი დღეს უკვე გაურკვეველია აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ასოციაციამ წევრებთან ერთად შეიმუშავა, ამ პუნქტების შესრულება და მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ.