01 მაისი 2024,   12:08
ვრცლად
ამ აქციებმა, ამ აქციების ორგანიზატორებმა, მათმა გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება - პაპუაშვილი

"ჩვენ ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი - ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან და ისინი არიან სულის ჩამდგმელები პროპაგანდისა ამ კანონის წინააღმდეგ. ნათელი გახდა, რომ NGO სექტორის ეს ნაწილი გახდა ნაციონალური მოძრაობის ნაწილი,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორებმა მშვიდობიანი აქციის ძალადობრივში გადაზრდა სცადეს.

"ამ დღეებმა, ამ აქციებმა, ამ აქციების ორგანიზატორებმა, მათმა გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია. ჩვენ ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი - ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან და ისინი არიან სულის ჩამდგმელები პროპაგანდისა ამ კანონის წინააღმდეგ. ნათელი გახდა, რომ NGO სექტორის ეს ნაწილი გახდა ნაციონალური მოძრაობის ნაწილი.

NGO-ების მხრიდან იყო ულტიმატუმი წარმოდგენილი პარლამენტის მიმართ, ერთსაათიანი ვადაც კი დაგვითქვა ერთ-ერთი NGO-ს ხელმძღვანელმა. ეს ვადა რომ გავიდა, იგივე NGO-ს ხელმძღვანელმა, რომელიც დანიისა და ნიდერლანდებისგან ფინანსდება, აქციის მონაწილეებს მოუწოდა გადაადგილებულიყვნენ კანცელარიისკენ და ამით, ფაქტობრივად, წაიყვანა აქციის ეს ნაწილი შესაძლო ძალადობრივ ქმედებებზე. როცა რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს მოუწოდებ, რომ გადავიდნენ უფრო პატარა ტერიტორიაზე, რისკებს ზრდი, რომ იქნება ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და იყო ასეთი მცდელობებიც.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდები, დანია და სხვა, არ ვიცი, ვინც არიან დამფინანსებლები ამ NGO-ების, გაემიჯნონ, რადგან მათი ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ულტიმატუმს უყენებდნენ საქართველოს პარლამენტს და მცდელობა ჰქონდათ, რომ მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გასცდებოდა მშვიდობიან ფარგლებს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები