08 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
დაიცავი კონსტიტუცია - ოპოზიცია დღეს საგანგებო დეკლარაციას მოაწერს ხელს 

დაიცავი კონსტიტუცია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს. დღეს გაფორმდება დეკლარაცია, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს.

დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.

„არავინ არ მისცემს 21-ე საუკუნეში დღევანდელ მმართველ პარტიას უფლებას, რომ თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია. სხვა გზა არ დარჩა ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ არ დაიწყოს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი მოძრაობა. სწორედ ამ დეკლარაციით საბოლოოდ გაცხადდება ამ მოძრაობის დაწყება და ეს იქნება სამოქალაქო მოძრაობა დაიცავი კონსტიტუცია,“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის მთავარ კანონის საკუთარ თავზე ირგებს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას თქმით, ცვლილებათა პაკეტი ერთპიროვნული მმართველობის რეცეპტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეიქმნა.

„არ შეიძლება ოპოზიციისთვის მიცემული ხმები წაიღოს გამარჯვებულმა ანუ ხელისუფლებამ, არ  შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტი გახადო ყურმოჭრილი მონა და ამით გახადო ურთიერთობა შეკავების და ბალანსის ისედაც ძალიან მყიფე და სუსტად ფეხმოკიდებული ინსტიტუტი ჩვენთან. ეს იქნება ერთპიროვნული მმართველობის რეცეპტი, რასაც ახლა ოცნება აკეთებს, ცხადია, ივანიშვილის დავალებით. ეს მათ არაფრით არ უნდა გავატანინოთ,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

კონსტიტუციის ახალი პროექტის უარყოფით მხარეებზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც. მათი თქმით, კონსტიტუციის პროექტის ახალ რედაქციაში ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის არცერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

დღის ამბები