07 მაისი 2024,   11:01
ვრცლად
"ეს არის საიდუმლო ინფორმაცია" - გენშტაბის ხელმძღვანელი სამართალდამცველებს ლეიტენანტის განცხადებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეიარაღებული ძალების ოფიცრის, უფროსი ლეიტენანტის ზურაბ ჯიბუტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ჯიბუტი შეიარაღებულ ძალებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართული პროვოკაციაა და ის შეიარაღებული ძალების დასუსტებას ემსახურება.

გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, პოსტსკრიპტუმში​ უფროსი ლეიტენანტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საიდუმლოა. ვლადიმერ ჩაჩიბაია სამართალდამცავ სტრუქტურებს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებებსაც პასუხობს. 

„ბატონი დიმიტრი, როდესაც ლაპარაკობს მოტივაციაზე ან შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართულობაზე, ეს არის მიუღებელი, შეურაცხყოფილები ვართ ყველა და რატომ, ამას ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი. დღეს საქართველოში არის ჰიბრიდული ძალა, რომელიც ომობს კონკრეტულ შემთხვევაში და ცდილობს დაასუსტოს ის ინსტიტუტი, რომელიც არის ძლიერი და ყველაზე მეტად გამართული საქართველოში, ეს არის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები. დღეს ჩვენ პრობლემა გვაქვს იმ მსუბუქ ძალასთან მიმართებაში, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია.

სხვა არც მეტი არც ნაკლები ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ჩვენ ვისზე ვსაუბრობთ, ჯარის ერთი წარმომადგენელი, რომელმაც განცხადება დაწერა თავად და უარი თქვა შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ იმ ინტერვიუთი, რომელიც ჩამოერთვა ბატონ უფროს ლეიტენანტს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ,“ - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, რომ პოსტსკრიპტუმისთვის მიცემულ ინტერვიუში უფროსმა  ლეიტენანტმა ზურაბ ჯიბუტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ავიაცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც სავალალო მდგომარეობაშია. ზურაბ ჯიბუტი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო, თავდაცვაში არსებულ პრობლემებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ასახელებს და ტექნიკის ნაკლებობასა და ბრიგადების გაუქმებაზე საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები