08 მაისი 2024,   05:03
ვრცლად
კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ - პარლამენტში დღეს განახლებული ვარიანტის ინიცირება მოხდება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული კანონპროექტის განახლებული ვარიანტის ინიცირება დღეს პარლამენტში მოხდება. უცვლელი დარჩა ძირითადი პუნქტები, მათ შორის ტენდერებზე ნაწილობრივ უარის თქმა და სპონსორობისა და რეკლამის გაყიდვის უფლება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ახალი ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.

„ჩვენ ევროპის სამაუწყებლო კავშირს ვთხოვეთ ექსპერტიზა, მათ გამოგვიგზავნეს თავისი კომპეტენტური დასკვნა. არის დადებითი პოზიცია, რომ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ინიცირების შემდეგ დაიწყება უკვე საჯარო განხილვები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ხელისუფლებას მაუწყებლის საკუთარი ინტერესების გამტარებელ ტელევიზიად გადაქცევის მცდელობაში ადანაშაულებენ.

„ეს არის ამ არხის GDS-ად გადაკეთება. არიან ადამიანები, ვინც ამ პოზიციას შიგნითვე აპროტესტებენ. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ამ საბჭოს უფლებამოსილება იზღუდება. როგორც ჩანს ვასილ მაღლაფერიძეს უნდა, რომ ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება, იმისთვის, რომ თავის ჭკუაზე გადააკეთოს და რეფორმად გაასაღოს ერთი სართულიდან საინფორმაციო სამსახურის მეორე სართულზე გადასვლა,“ - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ რუპორად გადაქცევაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობაც".

„ეს პროცესი რეალურად ემსახურება ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ უფრო მეტ განმტკიცებას. რეალურად ხდება რა, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის პორტირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე, რაც მიზნად ისახავს ქართველი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე პოლიტიკური რუპორის შექმნას,“ - ამბობს კოტე იოსელიანი.

დღის ამბები