07 მაისი 2024,   15:06
ვრცლად
ვენეციის კომისია კონსტიტუციის ახალი დოკუმენტის შეფასებისას საკმაოდ მკაცრი იყო - ოპოზიცია

ოპოზიცია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას ეხმაურება. ოპოზიციის წევრების თქმით, კომისია საკმაოდ მკაცრი იყო კონსტიტუციის ახალი დოკუმენტის შეფასებისას. ოპოზიციაში უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ პროპორციულ სისტემაზე 2020 წლის ნაცვლად 2024 წელს გადასვლა, უმრავლესობასთან დიალოგის დროსაც მთავარი ბარიერი იყო.

მათი თქმით, ეს ბარიერი, ასევე, აღნიშნულია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში. ისინი უმრავლესობას კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგების გამო, კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში საკმაოდ კრიტიკულია.

„რამდენიც არ უნდა დაიმშვიდოს „ქართულმა ოცნებამ“ თავი და სირაქლემის პოზაში იყოს, ანგარიში და მოსაზრება არის ძალიან კრიტიკული. გავიხსენოთ რა ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ეს არის ერთი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მეორე, საპარლამენტო არჩევნების სისტემა. ორივე არის მკვეთრად გაკრიტიკებული,“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი გააკრიტიკა. 

„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიიღო ის ვარიანტი საკონსტიტუციო ცვლილების, რომელიც წარდგენილია და რომელზეც კატეგორიულად ცუდი დასკვნაა ვენეციის კომისიისგან, ეს იქნება ქართული დემოკრატიის გადავადება,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები