08 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი - არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი წულუკიანსა და ზურაბიშვილზე მსჯელობს 

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია. ამ დროისათვის საუბარია ორ სავარაუდო კანდიდატზე. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე ორი კანდიდატი ჰყავს - ერთი მათგანი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ხოლო მეორე სავარაუდო კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარს, სალომე ზურაბიშვილსაც განიხილავს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა რომელ პოლიტიკოსებს განიხილავს მმართველი გუნდი, მდინარაძე არ ასახელებს.

წულუკიანისა და ზურაბიშვილის კანდიდატურა მისაღებად მიაჩნია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს. მისი თქმით, ორივე მათგანი წარმატებული პოლიტიკოსია.

,,ქალბატონი თეა წულუკიანი ნამდვილად ღირსეული პოლიტიკოსია და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია.  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც არის ქალბატონი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ღირსეული ქალბატონი არის ასევე“ - ამბობს კილაძე.

საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი პოლიტიკოსის დასახელებას მომგებიან პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია. მისი თქმით, მართალია, საქართველოში ქალი პრეზიდენტი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ქვეყნას ქალი მმართველების მიერ წარმატებული მართვის გამოცდილება აქვს.

,,საზოგადოებრივ აზრი იმდენად პოზიტიურად არის ჩამოყალიბებული შესაძლო ქალი კანდიდატის მიმართ, რომ ამაზე დისკუსია და მსჯელობა შესაძლებელია. თან ეს მომგებიანი ნიშა-პოზიციაა, ქალ შესაძლო კანდიდატებს შესაძლებელია ჰქონდეს, იმიტომ, რომ  ჩვენ არ გვყოლია ქალი პრეზიდენტები, მაგრამ გვაქვს  გამოცდილება ქალი მმართველების ძალიან მაღალ დონზე და ბრწყინვალე მართვის,“- ამბობს გაბუნია.

ამავე თემაზე
დღის ამბები