21 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალში გული და თავის ტვინი ამოაცალეს - მამის მტკიცებით, ჯარისკაცს შუბლზე ნატყვიარიც ჰქონდა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელსუფლებას ოკუპანტებმა შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და თავის ტვინის გარეშე გადმოსცეს.

კონფიდენციალური წყარო კურიერს უყვება, რომ ეს გარემოება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა გადმოსვენების ღამესვე აღმოაჩინეს.

სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ტატუნაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო. ის პირველად კურიერის კამერის წინ ადასტურებს, რომ ჯარისკაცს ცხინვალში გული ამოაცალეს.

ცხინვალის ციხეში მოკლული ტატუნაშვილის ოჯახი ცხედარის გადმოცემას 26 დღე ელოდა და უკვე 23 დღეა, ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.

ოჯახი ამბობს, რომ ქართველი სპეციალისტები ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროებას აჭიანურებენ. არსებობს ვარაუდი, რომ ამოცლილი გულისა და თავისი ტვინის ფონზე სპეციალისტებს დასკვნის მომზადება უჭირთ.

არჩილ ტატუნაშვილის მამა ამბობს, რომ მის შვილს შუბლზე ნატყვიარი ჰქონდა და ჯარისკაცი ოკუპანტებმა საკონტროლო გასროლით მოკლეს. ტატუნაშვილს გატეხილი და აღდგენილი ჰქონდა ცხვირი, გახვრეტილი ჰქონდა ხელის გულებიც.

ის, რომ ტატუნაშვილს შუბლში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ადასტურებს დავით ქაცარავაც, რომელმაც ცხედარი ექსპერტიზის ღამის დაათვალიერა. მისი მტკიცებით, წამების კვლების წაშლა და ნატყვიარის დაფარვა რუსმა ექსპერტებმა კოსმეტიკური ჩარევით სცადეს.

ლაშა ბერულავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ წილკანში საკუთარ სახლში გადასვენების შემდეგ ნახა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ტატუნაშვილს ყველა ძვალი დამსხვრეული ჰქონდა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ საოკუპაციო რეჟიმისაგან პირველივე მოლაპარაკებებზე არჩილ ტატუნაშვილის მოპარული ორგანოების დაბრუნება მოითხოვოს.

საქმის არაობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები