21 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ზვიად კუპრავამ სხვა დაკავებულებთან ერთად საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა - მოსამართლე გადაწყვეტილებაზე გავიდა

საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი ზვიად კუპრავამ სხვა დაკავებულებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.

მათ სხდომის დატოვების დროს განაცხადეს, რომ მოსამართლეს უკვე წინასწარ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ვარაუდობენ, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან.

ზვიად კუპრავას თქმით, ის პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, ის ახლა პარლამენტის წინ დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული.

საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე ინციდენტი მოხდა. შესვენების დროს ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასთან ერთად სამზარეულოში ჩავიდა, სადაც მათსა და სამართალდამცავებსა შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ზვიად კუპრავას სხდომათა დარბაზში შესვლას სთხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

აღნიშნული მუხლები ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები