21 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
შსს-ს ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში პარლამენტის წინ იმყოფება და აცხადებს, რომ მისი დაკავების მცდელობაც კი არ ჰქონიათ დღეს სამართალდამცავებს.

„ნახეთ, როგორი პროფესიონალიზმით მუშაობენ შსს-ში, მელია არ დაგვიკავებიაო და ათობით კამერამ გადაიღო, როგორ მიათრევდნენ ნიკა მელიას და როგორ ჩატენეს მანქანაში. დავაკავეთ ლევან ხაბეიშვილიო და აქ ვარ, თქვენთან ერთად,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, წინასწარ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა დააკავონ პარლამენტთან და სწორედ ეს სია წაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

„სავარაუდოდ, ნახეთ რა შეეშალათ, ისინი სამართალდამრღვევებს კი არ აკავებენ, პოლიტიკური მამებისგან იღებენ გადაწყვეტილებას და სიას, ვის აკავებენ და წაიკითხა, ალბათ, ის სია ბრიფინგზე შსს-ს მომხსენებელმა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 9 პირი დააკავეს, მათ შორის, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.

დღის ამბები