19 აპრილი 2024,   20:49
ვრცლად
ახალგაზრდა პრემიერი სოციალისტური იდეებით - "ნაციონალური მოძრაობა" მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს

პარლამენტი სამკვირიან მთავრობას ამტკიცებს. ამ წუთებში ქუთაისში რიგგარეშე სხდომა იწყება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატების წინაშე დროებითი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

მთავრობა, რომელსაც დღეს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, რეკორდულად მცირე ხნის განმავლობაში 2 კვირაში შეიცვლება და შემდეგ დეპუტატებმა კიდევ ერთი ახალი მთვარობა უნდა დაამტკიცონ.

"ნაციონალური მოძრაობა" ახალ პრემიერს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობა სოციალისტური იდეებით არის წარმოდგენილი.

„გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ძველმოდური იდეებით. ის პროგრამა ეკონომიკური, რომელიც მან გაგვაცნო, ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი და უკანდახევა იმ პრინციპებიდან, რომელიც შეიქმნა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა დააყენა ფეხზე. ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა რევიზია ამ მოდელისა და ბოლო წერტილი თავისი იდეებით დაუსვა ახალმა პრემიერ-მინისტრმა და  ახალი მთავრობა იქნება სოციალისტური იდეების მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემებს ეკონომიკაში,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ხედვის არარსებობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

მისი განცხადებით, პრემიერმა ვერ წარმოადგინა რაციონალური გეგმა, რომელიც უნდა გატარდეს, როგორც ეკონომიკის ასევე, საგარეო, უსაფრთხოებისა და უშიშროების განვითარების მიმართულებით.

დღის ამბები