03 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიაში სუბელიანის შვილს კითხავენ, ჩვენებას დღესვე კალანდიაც მისცემს 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე კომისიას ჩვენებას ორი არასრულწლოვანი აძლევს, მათგან ერთ-ერთი, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილია. კომისიის წევრები მის გამოკითხვას, ფსიქოლოგის და კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებენ. 

ესენი ის მოზარდები არიან, რომლებმაც ჩვენება შეცვალეს. ორივე მათგანი პოლიციაში მივიდა და გარემოებები დააზუსტა. დღეს კი ამ დეტალებზე ინფორმაციას მოზარდები დროებით საგამოძიებო კომისიას აწვდიან.

„კურიერის“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრები დღესვე მიხეილ კალანდიასაც გამოკითხავენ, კალანდიას დაკითხვა სავარაუდოდ ერთ საათში დაიწყება. 

მიხეილ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ოჯახის წევრია, მან წინასწარი გამოძიების პერიოდში და სასამართლო პროცესზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ კალანდია დიდი ინფორმაციის მატარებელი და მკვლელობის საქმის თანამონაწილეა, ამიტომ გამოძიებასთან განზრახ არ თანამშრომლობს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს არასრულწლოვანების გვარებს თუმცა აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ ინფორმაციას კომისია შეაჯერებს სხვა ჩვენებებთან.

„გვექნება შეხვედრა რამდენიმე არასრულწლოვანთან. ჩვენ ვინაობის დასახელებისგან თავს ვიკავებთ. იქნებიან როგორც არასრულწლოვნები, რომლებიც ადგილზე იყვნენ. ისე ის ადამიანები, რომლებიც შემხებლობაში არიან კონკრეტულად 4 ნომერში განვითარებულ ტრაგედიასთან. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სავარაუდოდ დანახული აქვთ რა მოხდა. მათ მიცემული აქვთ ჩვენებები როგორც სასამართლოში, ისე შსს-ში. ჩვენი ამოცანა არის რომ მათგან მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა გავაანალიზოთ, შევაჯეროთ და შევუპირისპიროთ სხვა ჩვენებებსაც და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იქნება ასახული შემდეგ მოხსენებაში. ასევე შევამოწმებთ იმას თუ რამდენად არის ეს ჩვენებები სრული,“-განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

კომისიის წევრის, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სოფიო კილაძის განცხადებით, მოზარდების ჩვენებები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იქნება. 

„ჩვენ გვგონია, რომ დღე ბევრ რამეს და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე ოპოზიციას აქვს და ამ არასრულწლოვნების ჩვენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ამ საქმეში და იმ დასკვნაში, რომელსაც კომისია გასცემს,“-განაცხადა  მმართველი გუნდის წევრმა სოფო კილაძემ.

დღის ამბები