24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
მინდოდა, მისგან ზუსტად მომესმინა, როგორ აფასებს ამ სიტუაციას - სტუდენტი, რომელმაც მერკელს ტერმინი "ოკუპაცია" ათქმევინა

გერმანიის კანცლერმა  საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე საუბრისას დღეს პირველად გამოიყენა ტერმინი "ოკუპაცია".

განცხადება გერმანიის კანცლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მანამდე მერკელი ოფიციალურ შეხვედრებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას სიტყვა "უსამართლობას" იყენებდა. არის თუ არა ქვეყნის ტერიტორიების 20%ის დაკავება ოკუპაცია, ეს შეკითხვა გერმანიის კანცლერს დღეს სტუდენტმა კონსტანტინე შუბითიძემ დაუსვა.

„ჩემი კითხვა იყო დამაზუსტებელი. მინდოდა, მისგან ზუსტად მომესმინა, როგორ აფასებს იმ სიტუაციას, რომელიც შექმნილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პასუხი იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი. მივიღეთ პასუხად, რომ ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ თუ დააკვირდით, ეს ტერმინი უკვე რამდენჯერმე გამოიყენა,“ - ამბობს სტუდენტი კონსტანტინე შუბითიძე.

სტუდენტების კითხვები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ოკუპაციის გარდა, რუსული გაზსადენის საკითხს ეხებოდა.

სტუდენტები დაინტერესდნენ, მიიღო თუ არა ანგელა მერკელმა პუტინისგან კონკრეტული გარანტიები ჩრდილოეთის მილსადენთან დაკავშირებით. თსუ-ს სტუდენტები გერმანიის კანცლერს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ერთი მხრივ ის რეგიონში რუსეთის ქმედებებს გმობს, მეორე მხრივ კი ევროპას დამოკიდებულს ხდის რუსულ გაზზე.

„ქალბატონმა ანგელამ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, მიიღო თუ არა რაიმე გარანტიები პუტინისგან და ამ შეხვედრაზე არ უსაუბრია. თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის ჩართულობა ევროპის ენერგეტიკულ ურთიერთობებში,“ - ამბობს თსუ-ს სტუდენტი.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ზოლი მოინახულა. 

დღის ამბები