25 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები - არასამთავრობო ორგანიზაციები ჩანაწერების უტყუარობის დადგენას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერების უტყუარობის დადგენას ითხოვენ. მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული საოლქო კომისიების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარდეს ღია და გამჭვირვალე არჩევნები, შესაბამისად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სერიოზული გამოკვლევის საგანი უნდა გახდეს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება,  საოლქო კომისიების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინასაარჩევნო პერიოდს და მსგავსი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არის პირველ რიგში, სერიოზული გამოკვლევის საგანი. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ცესკომ მოახდინოს რეაგირება და როგორც დღეს შეხვედრაზე გაჟღერდა, ისინი გეგმავენ გამოიწვიონ ინფორმაცია, ასევე მნიშვნელოვანია იქნება ავთენტურობის ნაწილიც. შესაბამისად, სანამ ეს დეტალები არ დადგინდება, ძალიან რთულია შეფასდეს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ყველა მხარე, ვინც ჩართულია პროცესში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობა. მსგავსი ფაქტები არის შემაშფოთებელი, თუ დასტურდება მათი ავთენტურობა და ველოდებით შესაბამისი ორგანოებისგან ძალიან მკაცრ რეაგირებას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებია და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტი, ნინო რიჟამაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ ფარული აუდიო და ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მასალა ასახავს იმ ფაქტებს, თუ როგორ ინიშნებიან ქართული ოცნების აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

 

 

დღის ამბები