12 ნოემბერი 2026,   10:20
ვრცლად
შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "Meiburg Wine Media" ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი "თიხის კონვენცია" გაიმართა. სიმპოზიუმის მთავარი თემა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგია იყო.

ღონისძიების ფარგლებში ქართული მეღვინეობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო აუდიტორიას ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიცია და ტექნოლოგიური თავისებურებები გააცნეს. სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდნენ იაგო ბიტარიშვილი („იაგოს ღვინო“, დამფუძნებელი), შოთა ნატროშვილი („თელიანი ველი“, ექსპორტის მენეჯერი), ვლადიმერ კუბლაშვილი („მეღვინეობა ხარება“, გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე) და საბა კიტიაშვილი („მეღვინეობა შუმი“, სომელიე).

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია და ქვევრში ღვინის წარმოების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, მისი უნიკალური წარმოების მეთოდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას.

"მოხარულები ვართ, რომ შანხაიში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართული ღვინისა და მისი წარმოების უნიკალურ ტრადიციას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრს - თიხის ჭურჭელს, რომლის გამოყენებითაც საქართველოში გამორჩეული ღვინოები იქმნება. კონფერენცია ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის გამოცდილების გაზიარებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აცნობს თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას", - აღნიშნა კომპანია "Meiburg Wine Media"-ის დამფუძნებელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა.

სიმპოზიუმზე ასევე განიხილეს თიხის ჭურჭელში ღვინის წარმოების გამოცდილება ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ადასტურებს მეთოდის უნიკალურობას და ხაზს უსვამს ღვინის განსაკუთრებულ ადგილს ქართულ კულტურასა და ისტორიაში. ქვევრის ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაცია კი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და მისი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

დღის ამბები