12 ნოემბერი 2026,   18:24
ვრცლად
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და განზრახ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 8 მაისს ბორჯომში, მსჯავრდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მოკვლის მიზნით ქვეითად მყოფ დაზარალებულს განზრახ შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შეჯახების შედეგად, დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

"ბრალდებულს ბრალდება 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, ბრალდებულის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მსჯავრდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები