26 დეკემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ახალგორელ მოსწავლეებს ქართულად საუბარი აუკრძალეს, პედაგოგები გაათავისუფლეს, მშობლებს კი შენიშვნა მისცეს - საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

ახალგორელ ბავშვებს მშობლიურ, ქართულ ენაზე საუბარს უკრძალავენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველმა ბავშვებმა ბაღში მხოლოდ რუსულად და ოსურად უნდა ისწავლონ და ერთმანეთს მშობლიურ ენაზე აღარ დაელაპარაკონ.

ყველა ის მასწავლებელი, რომელიც ქართულად ხმის ამოღებას გაბედავს, სამსახურს დაემშვიდობება. ქართულად მოსაუბრე აღსაზრდელების მშობლები მკაცრ საყვედურს იღებენ. ახალგორის მოსახლეობას ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ უკვე იძულების წესით ასიმილაციით ემუქრებიან.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ორი ძველი ბაღის ნაცვლად ახლა ერთი ახალი მუშაობს, რომლის თანამშრომლებადაც მხოლოდ ისინი აიყვანეს, ვინც რუსულ და ოსურ ენას ფლობენ. დანარჩენებს ახალი დირექტორი ალა გუსოევა დაემშვიდობა.

ადგილობრივებმა, რომლებიც ოკუპირებული ახალგორიდან ყოველდღიურად გადმოდიან ამის შესახებ კარგად იციან, თუმცა პრობლემებზე ღიად ვერრ საუბრობენ. ამის შესახებ იციან წეროვანშიც, იქ სადაც ახალგორიდან დევნილი უამრავი ოჯახი ცხოვრობს. ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორში ამ პრობლემის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ.

ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ, მშობლიურ ენაზე საუბრის შეზღუდვა არ უკვირთ ციხელაშვილის უწყებაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში ფაქტს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ.
უცნობია, დადგება თუ არა დღის წესრიგში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველების შეზღუდვის საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე და მოითხოვს თუ არა ქართული მხარე საკუთრი მოქალაქეების უფლებების დაცვას.

დღის ამბები