26 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"მიიღეს ისეთი დასკვნა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს" - მმართველი გუნდი კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნა მიღებულია - ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიამ ოპოზიციის დოკუმენტი დაამტკიცა, რომელშიც ხელისუფლების უმაღლესი წევრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მირზა სუბელიანის, მიხეილ კალანდიას და გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციაზეა საუბარი. საბოლოო კენჭისყრაზე ორი დოკუმენტი იყო გატანილი, თუმცა „ქართული ოცნების“ დასკვნა ჩავარდა.

კომისიის ბოლო სხდომა დღეს განსაკუთრებით ხმაურიანი იყო. ოპოზიცია უმრავლესობის შედგენილ დოკუმენტს აპროტესტებდა, რომელშიც 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის ხარვეზებით გამოძიებაში არა კონკრეტული პირები, არამედ სისტემაა დადანაშაულებული.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, დოკუმენტი, რომელიც კომისიამ მიიღო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ის საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ეკა ბესელიას განმარტებით შეუძლებელია „ევროპულმა საქართველომ“ ისაუბროს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე მაშინ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები.

„მიიღეს ისეთი დასკვნა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არღვევს კონსტიტუციურ  პრინციპს. იჭრება მართლმსაჯულების სფეროში . ეს არის პირდაპირი ზეწოლა , პირდაპირი ჩარევა სასამართლოზე და ეს არის ის რაც არასდროს არ უნდა დაწეროს საკანონმდებლო ორგანომ იმდაგვარი დასკვნა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისიის მთავარი ამოცანა იყო დაედგინა ხომ არ არის არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეში სახელმწიფო ჩარევის შემთხვევები და ხომ არ აფარებდა ვინმე ხელს კონკრეტულ დამნაშავეს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით მუშაობისას გაირკვა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ოპოზიციამ კი დოკუმენტში მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შეიტანა.

„ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი. მას იმიტომ ჰქვია ოპოზიცია , რომ ყოველთვის  პირველ რიგში ოპონირებით არის დაკავებული, ამიტომ პოლიტიკურ ორგანოში, პარლამენტში ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ოპოზიციას აქვს განსხვავებული მოსაზრება,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დოკუმენტს, რომელიც კომისიამ მიიღო აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. რაც შეეხება დადგენილებას, რომლის მომზადებასაც  აპირებს მმართველი გუნდი, მას უკვე სავალდებულო ხასიათი ექნება.

კომისიამ სამ თვიანი მუშაობა ამით დაასრულა. დეპუტატებმა საქმის 39 ტომზე იმუშავეს და დაკითხეს 79 მოწმე.

დღის ამბები