26 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
ატოცის წმინდა გიორგის ეკლესიას წინამძღვარმა გუმბათი და სამრეკლო თვითნებურად მოანგრია

ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია პირვანდელი სახით აღარ არსებობს. ტაძრის წინამძღვარმა ეკლესიის რესტავრაცია რამდენიმე თვის წინ თვითნებურად დაიწყო. ნაგებობას მოანგრია სამრეკლო და მთავარი გუმბათი. მამა სერაპიონმა ტაძარს იერსახე ისე შეუცვალა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ძეგლი სპეციალისტებს არ შეუსწავლიათ.

მისი თქმით, ერთ-ერთ კედელზე არსებულმა ხაზებმა მას მიანიშნა, რომ საუკუნეების წინ ტაძარი ბაზილიკური იყო, ხოლო წლების შემდეგ ეგზარხოსმა რუსული გუმბათები დაადგა. წინამძღვარი ამტკიცებს, რომ კურთხევა რუის-ურბნისის მიტროპოლიტისგან მიიღო. მეუფე იობთან დაკავშირება ”კურიერმა” რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობა ამბობს, რომ 1903 წელს აშენებული ეკლესია შეცვლილი სახით არ მოსწონთ. ატოცის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. აქ სწამთ, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს, სოფელი განადგურებას ამ ტაძარმა გადაარჩინა.

გაირკვა, რომ ხუროთმოძღვრების საბჭოს მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. მამა ბესარიონ მენაბდის განცხადებით, საკითხით დაინტერესდებიან და უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის იერსახის შეცვლა რამდენჯერმე სცადეს. ტაძრის ყველა წინამძღვარი რესტავრაციას თვითნებურად იწყებდა. დროთა განმავლობაში განხორციელებული არაერთი რადიკალური სამშენებლო ჩარევის შედეგად, ძეგლმა მხატვრული ღირებულებები დაკარგა და ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ არის.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

 

დღის ამბები