26 დეკემბერი 2024,   20:30
ვრცლად
მარგველაშვილს დაცვის წევრს აღარ დაუტოვებენ, მაგრამ ღარიბაშვილსა და კვირიკაშვილს დაუტოვებენ - ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები ყოფილი პრეზიდენტებისთვის, პრემიერებისთვისა და პარლამენტის თავმჯდომარეებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურით სარგებლობის შეზღუდვას აკრიტიკებენ.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დაკნინებას ცდილობს. მათი განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლება მათთვის სასურველ პირებს დაცვის სამსახურს გამოუყოფს, არასასურველებს კი ამ უფლებას შეუზღუდავს.

„მოწმენდილ ცაზე გაახსენდათ, რომ ვიღაცას უნდა ჰყავდეს დაცვის წევრი და ვიღაცას არა. აქაც ტყუიან. რეალურად, სადაც წერია, რომ ყოფილ რამდენიმე თანამდებობის პირს ეკუთვნის დაცვის წევრი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამას შესაბამისი კანონიდან ამოიღებენ და დატოვებენ დისკრეციულ უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ვისაც უნდა, დაუნიშნავენ დაცვის წევრს, ვისაც უნდა, მოუხსნიან. მარგველაშვილს დაცვის წევრს აღარ დაუტოვებენ, მაგრამ ბატონ ღარიბაშვილსა და ბატონ კვირიკაშვილს დაუტოვებენ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, დასარეგულირებელია ის, თუ რომელი თანამდებობის პირს დაცვის რამდენი წევრი უნდა მოემსახუროს.

„პირდაპირ პარტიული ნორმა, რომელიც შემოაქვს და ემატება კანოპროექტს, რომ უფლებამოსილებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მთავრობა იმსჯელებს, ვის დაუტოვეს დაცვა და ვის არა. მაგალითად, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ღარიბაშვილს ჰყავდეს დაცვა, კვირიკაშვილს არა, იმის მიხედვით, რა თვალით შეხედავენ იმ მომენტში. კანონის მიღმა არსებობს კიდევ დატოვებული სივრცე იმისთვის, რომ დაცვის სამსახურმა განსაზღვროს, თუ დატოვებენ, ვის რამდენი უნდა ჰყავდეს დაცვა. ეს არის დასარეგულირებელი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ არეგულირებს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

 

 

დღის ამბები