26 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
კვადრატული მეტრი 50 თეთრად - გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ურეკის სანაპიროსთან მიწა სიმბოლურ ფასად გაყიდა

ურეკის სანაპიროსთან სახელმწიფოს კუთვნილი 2 ჰექტარი ტერიტორია გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიმბოლურ ფასად - კვადრატული 50 თეთრად გაყიდა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით კი, მიწის ფასი 43 ლარი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება დაიწყო. საქმის მასალების მიხედვით, მათ სახელმწიფო 800 ათას ლარიანი ზარალი მიაყენეს. ურეკის სანაპიროსთან მდებარე მიწების გამო, შესაძლოა, ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცენ.

ნაკვეთები ზღვისპირას ოზურგეთის გამგეობამ კვადრატული 50 თეთრად გასულ წლის შემოდგომაზე გაყიდა. ორი ჰექტარი ტერიტორია ყოფილი გამგებლისა და გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის ახლო მეგობარმა, ლაშა მგელაძემ შეიძინა.

80-იანი წლებიდან დღემდე მიწებით გურიის ოთხი სკოლის 100-მდე პედაგოგი სარგებლობდა. მასწავლებლებს ორ ჰექტარ მიწაზე სათბურები და ბაღები ჰქონდათ. მასწავლებლებსა მიწა აუქციონზე ისე გაუყიდეს, რომ ამის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

პედაგოგები ეჭვობენ, რომ აუქციონი მხოლოდ ფორმალობა იყო და სოფელ შრომის საუკეთესო მიწები მიზერულ ფასად ხელში ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა ჩაიგდეს.

სოფელ შრომის მასწავლებლები ამბობენ, რომ ლაშა მგელაძემ მიწების შეძენიდან რამდენიმე დღეში მათი გაყიდვა დაიწყო და 50 თეთრად ნაყიდ ერთ კვადრატულს 100 ლარი დაადო.

პედაგოგებმა სასამართლოში იჩივლეს და საქმის განხილვა დაიწყო. ისინი აუქციონის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

მიწის მეპატრონის, ლაშა მგელაძის სახლში „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მისი ოჯახის წევრები გააღიზიანა. თავად მგელაძემ კი სატელეფონო საუბარში მისი ახლადშეძენილი მიწების შესახებ საუბარი არ ისურვა.

 

დღის ამბები