26 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
მოპარული პირუტყვი ქვემო ქართლში - მარნეულიდან და ბოლნისიდან ბოლო პერიოდში 150-მდე რქოსანი გაუჩინარდა

მოპარული პირუტყვი ქვემო ქართლში - მარნეულიდან და ბოლნისიდან ბოლო პერიოდში 150-მდე რქოსანი გაუჩინარდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ საძოვარზე გაშვებული პირუტყვი უკან აღარ ბრუნდება. მოსახლეობამ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, თუმცა ამბობენ, რომ სამართლდამცავები საქონლის ქურდობის ფაქტებს არ იძიებენ.

მარნეულელი ფერმერის, აჰლიმან ომაროვის ოჯახს 7 ძროხა ერთ ღამეში მოპარეს. ფერმერი ჰყვება, რომ მის ოჯახს ბოლო პერიოდში 100-მდე რქოსანი მოპარეს.

მსხვილფეხა საქონლის ქურდობის ფაქტებმა იმატა ბოლნისშიც. მარტო ერთი სოფლიდან ბოლო პერიოდში 47 ძროხა გაქრა. ბოლნისელები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

უხუცესების თქმით, არაა გამორიცხული ადგილობრივი პოლიცია დამნაშავეებს მფარველობდეს.

რეგიონის ოპოზიცია მსხვილფეხა საქონლის გატაცების ფაქტებს ეხმაურება, სადაც აცხადებენ, რომ პოლიცია ფაქტებს შეგნებულად არ იძიებს, რათა რეგიონში კრიმინოგენული ვითარების სტატისტიკა არ გაიზარდოს.

შსს ინფორმაციით, რომელიც „კურიერმა“ გამოითხოვა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მარნეულსა და ბოლნისში მსხვილფეხა საქონლის გატაცების მხოლოდ 13 შეტყობინება დაფიქსირდა. აქედან სისხლის სამართლის 5 საქმეზე ძიება შეწყდა, 2 გაიხსნა, 6 საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.

დღის ამბები