26 დეკემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ნელი, გაუმჭვირვალე, არაეფექტური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირებას აფასებს

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს. ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ბოლო დროს გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორუფციის სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების რეაგირება „ნელი, გაუმჭვირვალე და არაეფექტურია.“

სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებთან დაკავშირებით საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მაგალითად „იბერიას“ სკანდალური აუდიოჩანაწერები და ზუგდიდის მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერი მოჰყავს, სადაც სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.

ამ ყველაფერს კი წინ არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, წინ უსწრებდა სამთავრობო ცვლილებები.

„აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე (რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უფრო ადრე, 2018 წლის 30 მარტს დატოვა) გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს ამბავი მხოლოდ მათ მიერ პოსტების დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი.

„აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. სახელმწიფოს კი დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუს-ის დაქვემდებარებაში არსებობის გამო, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებობის გამო, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და კორუფციული დანაშაულების გამოძიების პროცესზეც ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, რაზეც  საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ. ასეთი უწყება ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ექნება სათანადო ინსტიტუციური, ფინანსური და ადამიანური რესურსი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები