26 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში - "კურიერის" ინფორმაციით, გია გულორდავამ სუს-ში დაკითხვაზე კორუფციულ გარიგებასთან კავშირი სრულად უარყო

კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში - ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

გია გულორდავა იმ ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რომელიც კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს. მან სუს-ის შენობა სავარაუდოდ, უკანა კარიდან დატოვა, რადგან ის ჟურნალისტებს გამოსული არ დაუნახავთ.

"კურიერის" წყაროს ცნობით, გულორდავამ დაკითხვაზე კორუფციულ გარიგებასთან კავშირი სრულად უარყო.

გომელაურის უწყებამ ზუგდიდის მერიაში კორუფციული სკანდალის გამოძიება „კურიერში“ ფარული ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ამის შესახებ დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული.

ჩანაწერების კიდევ ერთ მთავრ მონაწილეს ქალაქის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ასევე მოუწევს გამოძიებისთვის განმარტებების გაკეტება.

ლაშა გოგია, რომელმაც თანამდებობა მივლინებაში ყოფნის დროს დატოვა, საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებას და სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.

ლაშა გოგიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ „შაბათის კურიერი“ მის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში იმყოფება ბიზნესმენი, ზურა კვირკვია, რომელიც ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. მას მოწმის სახით ხვალ დაკითხავენ.

საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციული გარიგებისა და სკანდალური ფარული ჩანაწერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო, თუმცა სუს-მა ფაქტზე გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც „კურიერმა“ ფარული ჩანაწერი 12:00 საათზე ეთერში გაუშვა.

დღის ამბები