26 დეკემბერი 2024,   19:16
ვრცლად
2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის ფასი, თითქმის გაორმაგდება - მსოფლიო ბანკი სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მასშტაბური ჰესების მშენებლობაზე მომზადდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებსაც კონკრეტული პირებისთვის დიდი სარგებელი ქვეყნისთვის კი დიდი ზიანი მოაქვს.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის ფასი, თითქმის, გაორმაგდება. ტარიფის მატება მომავალი წლიდან დაიწყება და რეკორდულ ნიშნულს 2030-ში მიაღწევს.

ექსპერტებმა საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებული შეთანხმებები გაანალიზეს და დაასკვნეს, რომ დენის ტარიფის მატება გარდაუვალია.

გარემოს დამცველები მსოფლიო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ჭარბი ენერგია იქნება, რომელსაც მარალი ფასის გამო ექსპორტზეც ვერ გავიტანთ.

ტარიფების მატებას გარდაუვლად მიიჩნევენ ენერგეტიკოსები. მათი მოსაზრებით, ყველა ახალი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა ფასზე აისახება.

მსოფლიო ბანკმა კვლევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკვეთით ჩაატარა. დასკვნა თებერვალში დაიდო, თუმცა უწყებას ის არ გაუსაჯაროებია. ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას უწოდებს.

მსოფლიო ბანკის 17-გვერდიან დასკვნაში მხოლოდ ეკონომიკური და ფისკალური ასპექტებია შესწავლილი. დასკვნაში არაფერია ნათქვამი ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც შესაძლოა ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების მშენებლობას მოჰყვეს. თუმცა ასეთი ანგარიშები უკვე არსებობს და ეს პროექტები საკმაოდ კრიტიკულადაა შეფასებული.

დღის ამბები