26 დეკემბერი 2024,   19:50
ვრცლად
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი - რუსეთის ეკლესია რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, საქართველოს საპატრიარქო კი ისევ დუმს  

რუსეთის პატრიარქმა კირილმა, საუკუნეების განმავლობაში პირველად, საკუთარ მრევლს პოლიტიკური შეზღუდვები დაუწესა. თურქეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში მდებარე ეკლესიებში რუს მორწმუნეებს ლოცვა აუკრძალეს.

გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქმა მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიო პატრიარქს კირილი ღიად უკრაინის ავტოკეფალიის გამო დაუპირისპირდა.

რუსული ეკლესიის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მსოფლიო პატრიარქი უკან დახევას არ აპირებს. ბართლომეოს პირველმა რამდენიმე დღეში უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. მთელი მართლმადიდებლური სამყარო მსოფლიო პატრიარქის ბრძანებას ელოდება.

ისტორიული სხდომა სტამბოლში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას რომ შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოჰყვეს, ვარაუდობენ ექსპერტები. ამ სახიფათო მოლოდინების გამო, საკუთარი პოზიცია საქართველოს საპატრიარქოს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

წმინდა სინოდი თბილისში კონსტანტინეპოლის პატრიარქის საბოლოო პასუხს ელოდება, პარალელურად კი რუსეთის ეკლესია ძალღონეს არ იშურებს, რომ საკუთარი გავლენა საქართველოში ბოლომდე დაიცვას. ილია მეორეს პატრიარქმა კირილმა რამდენიმე წერილი უკვე გამოუგზავნა, რომ არ დაუშვას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მხარდაჭერა.

საქართველოს ეკლესიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ თეოლოგები.

წმინდა სინოდს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქომ უნდა თქვას რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ არის, თუ მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ერთობაში რჩება.

უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე დღეს მწვავე განცხადებები გააკეთეს სასულიერო პირებმაც.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ერთადერთია, რომელიც ღიად მოუწოდებს საკუთარ სულიერ ძმებს, რომ მხარი დაუჭირონ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

 

დღის ამბები