26 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
"დასუსტებული, სასოწარკვეთილი მოქმედებები" - ელენე ხოშტარია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

ელენე ხოშტარია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობაზე, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ისევ შევიდა. სწორედ ამ დღეს დააანონსა P.S.-მა სკანდალური აუდიოჩანაწერის ეთერში გასვლა.

ხოშტარიას თქმით, შეუძლებელია, რომ შაბათ-კვირას მოითხოვო ციხეში შესვლა და დეპუტატის შესვლა ეჭვს ბადებს.

ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული აუდიოჩანაწერებით ნათელი გახდა სახელწმიფოს დანაშაულებრივი სქემა. მისი თქმით, მირზა სუბელიანის დაკითხვას საზოგადოება ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ ითხოვდა, თუმცა, თითქმის 9 თვის განმავლობაში არ დაკითხეს.

სუბელიანის დაკავება კი, ხოშტარიას შეფასებით, წვრილმანი მიზეზის გამო მოხდა. ხოშტარიას განცხადებით, მირზა სუბელიანის გაღიზიანება ტყუილში გამოჭერამ გამოიწვია.

„სანამ ეს ჩანაწერი იქნებოდა, ჩვენ, კომისიამ, დავდეთ დასკვნა, რომ გამოსაძიებელია მირზა სუბელიანის ეს ტყუილიც, საერთოდ მისი როლი მთელ გამოძიებაში, შაყულაშვილს რომ შეხვდა, რა ელაპარაკა. ახლა რომ იძახიან, მირზა სუბელიანი ცუდად იქცევაო, სად იყო ამდენი ხანი, არცერთი პუნქტი კომისიის არ გამოუძიებიათ. ახლა, როდესაც ამ მდგომარეობაში ჩავარდნენ და მერე რაღაც ავთენტურია, არ არის ავთენტური, აიბლანდა ხელისუფლება თავისივე ტყუილებში და ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის დასუსტებული, სასოწარკვეთილი მოქმედებები,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე რეკეტსა და საქმის გარჩევებში მონაწილეობს, რის მაგალითადაც, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საქმე მოჰყავს.

პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა, რომელიც უწყების ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა, გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“.

სუბელიანის და ჯაფარიძის პირველი აუდიოჩანაწერი კი P.S.-ში გავიდა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით.

დღის ამბები