26 დეკემბერი 2024,   19:48
ვრცლად
"ახლა ცდილობენ, დაგვამონონ. მივცემთ ამის საშუალებას?" - გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ზუგდიდში შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდელებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საზოგადოება ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დგას, რადგან ბევრი რამ წყდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოების დამონებას ცდილობს.

„ახლა ცდილობენ, დაგვამონონ, მივცემთ ამის საშუალებას? მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქის ღირსება გაითელოს ფარცხალაძის და სუბელიანის სარდაფებში, მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოს სასამართლო მაფიის განშტოებად იყოს გადაქცეული და ასე ბეჭედს ურტყამდეს მაფიის დადგენილებას. მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, რომ ჩვენი სამშობლო მარიხუანის პლანტაციად გადააქციოს და ხელისუფლება ნარკობარიგებად. ჰოდა, თუ ამის საშუალებას არ მივცემთ, თუ ჩვენ სულ ყველას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს გვახსოვს, რომ მთელი ქვეყანა დალომბარდებული არის, ყველას ბანკის უღელი ადგას კისერზე, რომ მოქალაქე მივიწყებული და განდევნილია იქიდან, სადაც მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, 28 ოქტომბერს ჩვენ მივალთ და დღეს უკვე მოპოვებულ გამარჯვებას დავიცავთ ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია. მისი თქმით, მისი გუნდი საქართველოს გაერთიანებას შეუწყობს ხელს.

ვაშაძემ ამომრჩეველს უთხრა, რომ მომავალში ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიცია პოლიტიზირებული არ იყოს.

„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რომლებმაც უნდა აკონტროლონ ხელისუფლება, ოპოზიციის წარმომადგენლებს მივიყვანთ და რაც მთავარი არის, საქართველოში დავამთავრებთ სრულფასოვანი დემოკრატიის აშენებას იმიტომ, რომ ეს ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენის გარანტია არის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ აუცილებელია დევნილები ღირსეულად ცხოვრობდნენ და სოციალური დახმარება გაეზარდოთ.

"განათლება, თავდაცვა და ჯანდაცვა - აი, ის სამი ბოძი, რაზეც ჩვენი სახელმიწიფო უნდა იდგეს, თორემ ქართველები გავქრებით ფიზიკურად და ჩვენი მიწის მსურველი დედამიწაზე ძალიან ბევრი არის. არავის არაფერს არ დავანებებთ, ემიგრაციაში წასულებს დავაბრუნებთ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვაახლებთ, სამუშაო ადგილებს შევქმნით, 400-ლარიან პენსიას დავაწესებთ და მასწავლებლის 1000-ლარიან პენსიას დავაწესებთ, იმიტომ, რომ ესეც ჩვენი ღირსების საქმეა," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები