26 დეკემბერი 2024,   19:53
ვრცლად
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული სამხედროს საქმე თავდაყირა დგება -კადრებიდან დგინდება, ჯარისკაცს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული აგვისტოს ომის მონაწილის საქმე თავდაყირა დგება. სამხედროს ოჯახის მტკიცებით, დაზარალებული გოგო, რომლის ჩვენების საფუძველზე საქართველოს შეირაღებული ძალების ლოჯისტიკის ოფიცერი ახლა ციხეში ზის, აგენტ-პროვოკატორია.

კურიერს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ჩაუვარდა ხელში.

საქართველოს შეირაღებული ძალების ლოჯისტიკის ოფიცერი 26 აგვისტოს დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან მანქანაში საქართველოს ფოსტის თანამშრომლის გაუპატიურება სცადა. ხვიჩა შარაშენიძის და ამტკიცებს, რომ სამხედროს პოლიციაში აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით სცემეს.  

კადრები, რომელიც კურიერს ხელში ჩაუვარდა, შავი ზღვის ქუჩაზეა გადაღებული, სადაც თათია ცაგურიშვილის მტკიცებით, მას ჯარისკაცი აუპატიურებდა. დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ ის გაიქცა, ტიროდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს დახმარებას სთხოვდა. კადრებში კი ჩანს, რომ ამ დროს თათია ცაგურიშვილი მანქანაში მშვიდად ზის და არავის დახმარებას არ სთხოვს.

ვიდეომასალაში, რომელიც ადვოკატმა მოიპოვა, ჩანს, რომ ჯარისკაცი გადმოსულია და გაფუჭებულ მანქანას აწვება.

ვიდეომასალის მიხედვით, თათია ცაგურიშვილი დახმარებას არ ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბენზინგასამართ სადგურზე დგას დაცვის სამსახურ ორბის ავტომანქანა, ავტომობილთან დადიან სადგურის ოპერატორები და ასევე, შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ხდება.

კადრებში ჩანს შავი ფერის „ჰონდა ფიტი“, მანქანა დიდი სისწრაფით აეროპორტის გზატკეცილზე მოძრაობს, მესამე ზოლიდან ავტომობილი მოულოდნელად გზას ჭრის და სოკარის სადგურზე ჩერდება, მძღოლი მიზანმიმართულად ჯარისკაცის მანქანისკენ მიდის და 10 წამში, გოგოსთან ერთად, მისი ავტომობილთან ბრუნდება.

ახლა სამხედროს წინააღმდეგ მთავარი მოწმე სწორედ ამ შავი ავტომობილის მძღოლია. ის ჩვენებაში წერს, რომ ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლიდან ღამის პირველ საათზე თავისი კუთვნილი ავტომანქანით გამოვიდა, არსად გაჩერებულა, კახეთის გზატკეცილზე კი მოულოდნელად გაფუჭებული მანქანა დაინახა და დახმარება გადაწყვიტა.

ხვიჩა შარაშენიძის ადვოკატი მოწმის ჩვენებაში უზუსტობებსა და საეჭვო გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.

დაკავებული სამხედრო ხვიჩა შარაშენიძე, ჯარში დაბალი ანაზღაურების გამო, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს პროვოკაცია მოუწყვეს.

ხვიჩა შარაშენიძე ლოჯისტიკის სამსახურში მუშაობდა. სწორედ მისი სამსახურიდან დიდი რაოდენობით ტყვია-წამლის უკანონო რეალიზაციის ფაქტი ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ საბრძოლო მასალების უკანონო რეალიზების ფაქტზე შარაშენიძეს კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა და ამიტომ ის დააკავეს.

ჯარისკაცის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თათია ცაგურიშვილი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს.

რამდენიმე თვის წინ მოქალაქე ვასილ ჯავახიშვილმა ამტკიცებდა, რომ 2009 წელს ტელეკომპანია მაესტროს შენობა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, დავალებით ააფეთქა. ჯავახიშვილის თქმით, ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მასაც აგენტ-პროვოკატორი თათია ცაგურიშვილი მიუგზავნეს.

დღის ამბები