26 დეკემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"მე პირადად, არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთ ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი" - კახა კუკავა

მე პირადად არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთ ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი - ამ განცხადებით, ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე,პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კახა კუკავა, ოპოზიციის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მეორე ტურისთვის, ოპოზიციური საკოორდინაციო შტაბის შექმნას გულისხმობს.

კუკავა ამბობს, რომ რაც ერთი კანდიდატისთვის მხარდაჭერის სურვილი არ აქვს, თუმცა საკითხზე მსჯელობა პარტიაში მაინც შედგება. 

კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებსაც აფასებს. მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნებში მოგებას გეგმავს, პირველ რიგში, პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგნენ.

„მე პირადად, არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთ ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი, თუმცა გვექნება პარტიული შეკრება. თვითონ ადგილობრივ ორგანიზაციებში სხვადასხვა განწყობებია და უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მინდა პირველი ტურიც შევაფასო, რომ ეს ყველაფერი არის იმ უტიფარი სახეების დამსახურება, რომლებიც ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას. ამიტომ, მე ნამდვილად არ მენაღვლება, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ საერთოდ ფიქრობს მეორე ტურის მოგებას და თუ უკვე კაპიტულაცია არ აქვთ გამოცხადებული, პირველ რიგში უნდა გადადგნენ პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ორი კლოუნი თუ არ გადადგა, არანაირი საუბრები იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს განახლებას და მან რაღაც გაიგო და რაიმეს მიხვდა თავისი შეცდომებიდან, ეს არის ცარიელი ლაპარაკი,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ და „რესპუბლიკური“ პარტია არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერენ. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები