26 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი აგრესიის სამიზნე გახდა - პოლონეთის სეიმის დელეგაციის წევრებს დაემუქრნენ და ფიზიკურად შეეხნენ

საერთაშორისო დამკვირვებლების ერთი ნაწილი აგრესიის სამიზნე გახდა - ირკვევა რომ პოლონეთის სეიმის დელეგაციის წევრებს დაემუქრნენ და ფიზიკურადაც შეეხნენ.

დელეგაციის წევრების თქმით, იყო აგრესიული ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე.

„მინდა გითხრათ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა თავის თავზე განიცადეს აგრესიული მოპყრობა, აგრესიული ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რს იყო პირველი ასეთ შეხება ასეთ ტიპის აგრესიასთან, რომელიც თავს დაატყდათ სეიმისა და სენატის დეპუტატებს,“ - აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

მათივე განცხადებით, არჩევნებისას ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რამაც სავარაუდოდ გავლენა იქონია შედეგებზე. 

გარდა ამისა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების თქმით, სპეციალურ უბნებზე, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია განთავსებული, მისიის წარმომადგენლები არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა რომ მათ ამის ფორმალური უფლება მოპოვებული ჰქონდათ.

პოლონეთის სეიმის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების თქმით, მათი ყურადღება მიიპყრო ინფორმაციამ, რომელიც მათ მიაწოდეს საერთაშორისო გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. 

„მათ ხაზი გაუსვეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილის ენით, სავსე იყო ცრუ ინფორმაციებით და სხვადსხვა კანდიდატებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებით გამოირჩეოდა,“ - აღნიშნეს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.  

სადამკვირვებლო მისია იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად გაიმართება და ის ხარვეზები, რომლებიც პირველ ტურში დაფიქსირდა, აღარ განმეორდება.

„საარჩევნო კომიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შედეგად, ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, წინასაარჩევნო კამპანიაში. პირველ რიგში, ეს იყო დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი აზრით, ამ მოქმედებას შეიძლება გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. ჩვენი ყურადღება მიიპყრო თვითონ საარჩევნო უბნების მიმდებარედ, არსებულმა სიტუაციებმა, იმ აგიტაციამ, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენი აზრით, არ არი ეს კარგი, იმიტომ რომ ამას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგზე,“ - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში მონაწილეობა პოლონეთიდან 16-მა პარლამენტარმა მიიღო. ესენი იყვნენ სენატისა და სეიმის წარმომადგენლები, ასევე მათ ეხმარებოდათ 6 ექსპერტი კანცელარიიდან და ეს მისია ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

 

დღის ამბები