26 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - პარალელური დათვლის შედეგებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამეს. მესამე სექტორმა დღეს პარალელური დათვლის შედეგები წარადგინეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, რომელმაც 38,5% ხმა მოაგროვა. ოდნავ ნაკლები - 37,6 პროცენტი მიიღო მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ვინაიდან ორი კანდიდატის ხმების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან ახლოს მყოფ ზოლში მერყეობს და ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას თუ რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე.

პარალელურ დათვლას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არ ატარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მაგრამ სადამკვირვებლო მისიამ იმ 300 უბანზე, სადაც დამკვირვებელი ჰყავდა, შემაჯამებელი ოქმებით ხმები მაინც დათვალა და მათი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძეს მცირედით, მაგრამ მაინც მოუგო.

პირველივე ტურში გამარჯვებაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატიც.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შედეგების რეალობა ცესკო-მ შეცვალა. მისივე თქმით, წინ მეორე ტურია და მისმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მათთვის მიცემულ ყველა ხმას დაიცავს. 

ქვეყანაში, რომ საპრეზიდენტო მეორე ტური იქნება ყველა შეთანხმდა, მათ შორის ხელისუფლებამაც აღიარა, მაგრამ სადაო დღემდე ოპოზიციისთვის ის 0,9 პროცენტია, რომლითაც ოფიციალური მონაცემებით გრიგოლ ვაშაძეს მმართველი გუდის მხარდაჭერილი ზურაბიშვილი უგებს.

პირველ ტურში ხმების 50 პროცენტი არც ერთ კანდიდატს მიუღია, ამიტომ გამარჯვებული გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 615 624-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი ხმა 601 188 ამომრჩეველმა მისცა. 

 

დღის ამბები