01 დეკემბერი 2022,   18:20
ვრცლად
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანდება - გრიგოლ ვაშაძის გასამარჯვებლად პროდასავლური პარტიები ერთად იბრძოლებენ

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანდება. პირველი ვინც სახელისუფლებო კანდიდატის მთავარ კონკურენტს თანამშრომლობისთვის ხელი გაუწოდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა. დღეს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის დასამარცხებლად გაერთიანებას გულისხმობს.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნაა საჭირო, რომელიც ამომრჩევლის მობილიზებას და ხმების დაცვას შეძლებს.

გრიგოლ ვაშაძის შტაბში მზად არიან "ყველა მინუს ერთი" პრინციპით კონსულტაციები, ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიასთან გამართონ. 

მეორე ტურისთვის ამ მხარდაჭერას სავარაუდოდ, სხვა ოპოზიციური პარტიების ხმებიც დაემატება. პირველი განაცხადი "ევროპული საქართველოს" შემდეგ, რესპუბლიკელებმა გააკეთეს, კონსულტაციები გაერთიანებული ოპოზციის კანდიდატსა და "რესპუბლიკელებს" შორის უკვე გაიმართა და მათ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ყოფილი თანაგუნდელი "რესპუბლიკელებისგან" რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს დავით უსუფაშვილს. საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მეორე ტურში მის მხარდაჭერას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღეს. უსუფაშვილის პოზიციას იზიარებს "გირჩის" ლიდერიც. ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო მიიჩნევს, რომ მეორე ტურისთვის საკუთარი ამომრჩეველი აღარ უნდა შეაწუხოს. კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა კი ჯერ ფიქრობს, თუ რა პოზიციას დაიკავებს მეორე ტურისთვის.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში დიდი გარდატეხა მოხდა, ის არჩევნების შედეგს პირდაპირ უკავშირებს ბიძინა ივანიშვილს და მის არასწორ პოლიტიკას.

გრიგოლ ვაშაძეს ცესკოს ოფიციალური მონაცემებით 37.73 % აქვს, დავით ბაქრაძეს 10.98%. მეორე ტურისთვის საარჩევნო კამპანიას კანდიდატები სავარაუდოდ ამ კვირიდანვე დაიწყებენ.

დღის ამბები