26 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ე.წ. "შვილიშვილების მხარდამჭერთა ჯგუფი" საარჩევნო უბნებთან და ფულის გადაცემის ფაქტები - უკრაინის რადას პირველი ვიცე-სპიკერი დარღვევებზე საუბრობს 

საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. შვილიშვილების მხარდამჭერთა ჯგუფი და ფულის გადაცემა სამართალდამცავების თვალწინ - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკრაინის რადას პირველი ვიცე-სპიკერი, ირინა გერაშენკო დააკვირდა და დარღვევები დააფიქსირა.

ირინა გერაშენკო დამკვირვებლის სტატუსით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაშია და სანამ ევროსაბჭოს დელეგაცია თავის საბოლოო ანგარიშს წარადგენს, მან ბოლნისში დაფიქსირებულ დარღვევებზე „კურიერთან“ ისაუბრა.

უკრაინის უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ღიად აცხადებს, რომ იმ სოფლებში, სადაც ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩავიდა, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მასობრივად ყალბდებოდა. გაყალბების მთავარი გმირები კი ე.წ. „შვილიშვილთა ჯგუფები“ იყვნენ, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები, რომელიც გერაშენკოს ძალიან აგონებს „ტიტუშკებს“.

ის ასევე ამბობს, რომ ბოლნისსა და მის შემოგარენში მრავლად ნახა არჩევნების გაყალბების პოსტსაბჭოთა მეთოდები, ე.წ. კარუსელები, აგიტაცია და ამომრჩეველზე ზეწოლა.

ევროსაბჭოს დამკვირვებლები განსაკუთრებით აღაშფოთა საარჩევნო უბნებზე არასრულწლოვანი მოზარდების გამოყენებამ, რომლებიც საარჩევნო უბნებთან ხელში სალომე ზურაბიშვილის პლაკატებით იყვნენ.

გერაშენკოს თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ყველა დარღვევა დააფიქსირეს. ევროპელმა დეპუტატებმა ნახეს ფაქტები, როგორ უხდიდნენ 20-20 ლარს უბანთან შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ფულის სანაცვლოდ ამომრჩევლებს 48-ის შემოხაზვაში ეხმარებოდნენ.

2013 წელთან შედარებით, ის გაოცებას გამოთქვამს, საარჩევნო პროცესის მკვეთრად გაუარესების გამო.

გერაშენკო განსაკუთრებით გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ მომავალს და ამ პოზიციას ის არამხოლოდ საქართველოში, უკრაინაში და საერთაშორისო ტრიბუნებზეც არ მალავს.

დღის ამბები