25 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
"არვის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“ - კობახიძის მუქარანარევი გაფრთხილება ბესელიას 

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. კობახიძე დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ამავდროულად თანაგუნდელს გასულ წელს, დავით ჭიჭინაძესთან არსებულ უთანხმოებას ახსენებს, რომელიც მისი პარტიიდან გარიცხვით დასრულდა. 

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი მომხდარის გამეორებას არც ამ შემთხვევაში გამორიცხავს. კობახიძე აქვე განმარტავს, რომ რომელიმე დეპუტატის გარიცხვა გუნდიდან „ქართული ოცნების“ რღვევას არ გამოიწვევს.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, გუნდურობის მნიშვნელობას. 

„ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, დისკუსიისთვის. იმისათვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადსხვა დეპუტატების მხრიდან, სადაც, მაგალითად, ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს, გავიხსენებ, იყო ამაზე მეტი სირთულეები, ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა ეს არ ნიშნავდა არავითარ შემთხვევაში, გუნდის რღვევას. არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი. აქ იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც სამწუხაროდ, გადის გარეთ. რეალურად, არის ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც ყავს თავისი ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არვის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია გუნდში - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს საუბარი რაიმე სანქციაზე არასწორი იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები