01 დეკემბერი 2022,   08:08
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყვეობაში - უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას ისევ არ ულოცავენ

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებიდან მე-10 დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დუმს და მილოცვას არ ჩქარობს. დუმს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე უკრაინელი ხალხისთვის არ მიულოცავთ მინისტრებს.

საკუთრის პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება და შესაბამისი არგუმენტები ხელისუფლებას ევროპულმა საქართველომ საგანგებო განცხადებით მოსთხოვა.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური საკითხია და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ საკითხზე პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს.

საკითხზე დუმილის გამო, ოპოზიციის კრიტიკის მთავარი ადრესატები - პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური, ერთმანეთს შეხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. ოფიციალური ვერსიით, პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი საკმაოდ ზოგადი სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები იყო.

თუმცა, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი ინგლისურად გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პატრიარქის დუმილის და სიფრთხილის გამო, უკრაინელ ხალხს ეკლესიის ავტოკეფალიას არ ულოცავს.  

პრეზიდენტს დუმილის გამო, ევროპული საქართველოს მსგავსად, ნაციონალური მოძრაობაც აკრიტიკებს.

ხელისუფლება უკვე მეათე დღეა, ამბობს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ წმინდა სინოდის სხდომას ელოდებიან.

მღვდელმთავრების შეკრება ბოლოს დეკემბერში გაიმართა და რიგითობით სინოდის შემდეგი სხდომა გაზაფხულამდე დაგეგმილი არ არის.

საქართველოს ეკლესიის წევრებმა ​წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს. შეიქმნა სპეციალური პეტიცია სახელწოდებით - "უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს", სადაც განმარტებულია მხარდაჭერის მიზეზები.

პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 

 

დღის ამბები