19 მაისი 2024,   11:36
ვრცლად
ბათუმის საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. მან მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში არის გადმოყვანილი. 

ბაღის დირექტორის განცხადებით, ძიძა სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც ბავშვმა მას წყალი სთხოვა. უკან დაბრუნებულმა ძიძამ კი დაინახა, რომ 4 წლის გოგონას ხელში ხსნარი ეჭირა. დალია თუ არა საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა სითხე, დირექტორი ვერ აკონკრეტებს. 

„ბავშვი იმყოფებოდა ჯგუფში. ძიძა ატარებდა სადეზინფექციო სამუშაოებს და ამ მომენტისთვის მოთსხოვა წყალი. რა დროსაც ის ჭურჭელი, რაშიც ჰქონდა სითხე, ინსტიქტურად გადადო გვერდზე და წყალის სადენის მომენტში ბავშვი მისწვდა ამ ჭურჭელს. ანუ პირთან ჰქონდა  მიტანილი. არ არის დაფიქსირებული, დალია თუ არა,“-განაცხადა ბაგა-ბაღის დირექტორმა, თამილა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ბავშვი თავს ცუდად არ გრძნობდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას და ძიძას არ ჰქონდათ ინფორმაცია, დალია თუ არა ბავშვმა ხსნარი, მისი კლინიკაში ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, პოლიციამ საქმის მოკვლევა თავად დაიწყო და თუ დანაშულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმე აღიძრება.

დღის ამბები