27 ივლისი 2024,   04:36
ვრცლად
ვითარება უკრაინაში - აგრესორი საზღვრისპირა რეგიონებში, ე.წ. გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებს და ცდილობს ტერიტორია ბუფერულ ზონად აქციოს

ოდესაში მასირებულ საჰაერო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შემდეგ ცეცხლი საკვები პროდუქტების საწყობში გაჩნდა, სახანძრო სამაშველო სამსახურებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მწვავეა ვითარება ხარკოვის ოლქშიც, ქალაქი ვოვჩანსკი განადგურებულია, თუმცა ოკუპანტებმა მასზე კონტროლის დამყარება ვერ შეძლეს. ქალაქის ქუჩებში უკრაინელი სამხედროები რუსებთან შეტაკებების პარალელურად საცხოვრებელ სახლებს ამოწმებენ და კონფლიქტის ზონიაში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობენ.

რუსეთი უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებს დრონებით, საზენიტო დანადგარებითა და ავიაციის საშუალებით ბომბავს, მიმდინარეობს სახმელეთო ოპერაცია. გასული დღეღამის განმავლობაში ოკუპანტებსა და უკრაინის საჯარისო ნაწილებს შორის 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის ეს ეპიზოდი შესაძლოა რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, მისი თქმით პირველი ტალღა სწორედ ხარკოვის რეგიონზე თავდასხმაა.

დღეს ხარკოვში 2 ადამიანი დაიღუპა, რუსული ავიაცია საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავს. ვითარებას ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრა. პუტინის თქმით რუსეთი იძულებულია, შექმნას სანიტარული უსაფრთხოების ზონა ბელგოროდზე იერიშების გამო. მედიის ინფორმაციით უკრაინამ დრონების გამოყენებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 14% მწყობრიდან გამოიყვანა.

დღის ამბები