27 ივლისი 2024,   04:28
ვრცლად
ვინ არის 23 წლის მამაკაცი, რომელმაც და სასიკვდილოდ გაიმეტა და რა გახდა დანაშაულის სავარაუდო მოტივი

ნურუ ისმაილოვი 23 წლის მამაკაცია, რომელიც საბრალდებო სკამზე უმძიმესი დანაშაულისთვის ზის. ის საკუთარი დის მკვლელობაშია მხილებული, დანაშაული თავად არ უღიარებია, თუმცა ეს დაკავებულის ნაცვლად მისმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე პირველივე წარდგენისას განაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვაზე, დაცვის მხარე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის იმაში დარწმუნებასაც ცდილობდა, რომ ნური ისმაილოვი დის სასტიკი მკვლელობიდან ორი დღის გასვლის შემდეგ დანაშაულს ნანობს.

მოსამართლე მამია ფხაკაძემ ბრალდებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ამით მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაიზიარა მოსაზრება, რომ ნური ისმაილოვის მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები.

რატომ მოკლა საკუთარი და ახალგაზრდა მამაკაცმა - საზარელი დანაშაულის ამ მთავარ კითხვაზე პასუხი დაკავებულს დღეს არ გაუცია. მოტივთან დაკავშირებით ის საკუთარ ადვოკატსაც არაფერს ეუბნება.

დანაშუალის აღიარება მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან არიდების მანიშნებელია პროკურატურისთვის. ხატია გოგრიჭიანი "კურიერს" უყვება, რომ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ისინი სასამართლოში მამაკაცისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას მოითხოვენ.

დანაშაულის ადგილი გარდაბნის რაიონის სოფელი ვახტანგისია. ცნობილია დანაშუალის სავარაუდო მოტივიც. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული შეხლა ისმაილოვას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. დანაშუალს ჰყავს მოწმე, რომლის ჩვენებაც გამოძიებამ საქმის მასალებში უკვე ჩადო. მედიასთან ადგილობრივ მცხოვრებლებს საუბარი არ სურთ.

მამაკაცს, რომელიც დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდგომ კი სამზარეულოს დანით ქალს 19 ჭრილობა მიაყენა, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები