02 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
მოძრაობა „ერთად სახლში“ - ბელგიაში, 10 თებერვალს ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან

ბელგიაში ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან. 10 თებერვალს ქალაქ ლიეჟში თანამემამულეთა მსოფლიო კრება გაიმართება, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. მოძრაობა „ერთად სახლში“ შეხვედრაზე, დისკუსია საქართველოს მომავალზე გაიმართება. 

დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმ დარბაზში იმყოფებოდა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლებს. შეხვედრაზე საუბარი იქნება ალტერნატიულ მთავრობაზე, საქართველოს ეკონომიკასა და ასევე განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე. შეხვედრის ბოლოს, ორგანიზატორები სამ პუნქტიან სამომავლო გეგმას გაასაჯაროებენ.  

ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ 10 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე აუცილებლად მივლენ, რადგან საკუთარ მომავალს სწორედ საქართველოში ხედავენ. 

ლიეჟის კრების მთავარი გზავნილი ეს არის საქართველოს გაერთიანება, საქართველოს გაძლიერება და იმ მახინჯი, კვაზი სისტემის მოშორება, რაც დღეს საქართველოშია. ემიგრაციაში არის უდიდესი ძალა, ჩვენმა მოძრაობამ მოიპოვა უდიდესი პოპულარობა და არავისთვის არ არის დასამალი, რომ ეს არის იმ ადამიანის დამსახურება, რომელმაც ღიად დაუჭირა ჩვენს მოძრაობას მხარი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ 10 თებერვალს დავდებთ კონკრეტულ გეგმას,“ - ამბობს ქართველი ემიგრანტი, გიორგი სუგუა. 

დარბაზში, სადაც შეხვედრა უნდა შედგეს, იმყოფებოდა რეჟისორი, ტიაგო მესკიტა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი ემიგრანტების შეხვედრას დოკუმენტური ფილმის სახით გადაიღებს. გარდა ამისა, ქართველების შეხვედრას არა ერთი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი გააშუქებს.  

„საინტერესო და ამაღელვებელია. ის რაც აქ მოხდება განსაკუთრებული სტიმულის მომცემია. ამას გადავიღებ როგორც დოკუმენტურ ფილმს. ფაქტია, რომ მიშა ჩამოდის, უამრავ ადამიანს მოიზიდავს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ათასობით ადამიანის შეკრება, თავისთავად ისტორიული და უნიკალური ფაქტია. სწორედ ამის გამო, დაიბადა იდეა, გადავიღოთ ეს შეკრება და ვნახოთ ხალხის განწყობა და სწრაფვა,“ - განაცხადა ტიაგო მესკიტამ.

დღის ამბები