03 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
„ანას სურვილია, რომ პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მასზე იძალადა" - დედოფალი, ძალადობის გამო, მეფის დასჯას ითხოვს

აღმოჩნდება თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მძიმე ბრალდების განსასჯელის სკამზე - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 7 საათის განმავლობაში ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა. ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი და თავისუფლების უკანონო აღკვეთა - დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს.

„გამოკითხვა ძალიან დეტალურად მიმდინარეობდა. არ დასრულებულა და როდის გაგრძელდება, ვერ გეტყვით. დეტალებს ვერ გავახმოვანებ. ეს დოკუმენტი - სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზა, საქმეში იყო. უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში  იყო ჩადებული და სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანია სიმართლის დამტკიცება,“ - განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.

თბილისის სამმართველოს დატოვების შემდეგ განმარტებები გააკეთა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის ადვოკატმაც.

ელისო რუხაძის განცხადებით, საქმე ეხება როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე ფიზიკური ძალადობის არა ერთ ფაქტს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, რომ მეფემ პასუხი აგოს.

„ანას სურვილი არის, რომ პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა აღნიშნული ძალადობები და კანონის შესაბამისად დაისაჯოს. რაც შეეხება იმას, თუ გამოძიება რას გადაწყვეტს, რომელი მუხლით წარიმართება და რა იქნება სამომავლოდ, ეს არის პროკურატურის და გამოძიების გადასაწყვეტი,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ.

ადვოკატის თქმით, ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე 2014 წლის 9 მაისს განხორციელდა მისი მცირეწლოვანი შვილის - გიორგის თანდასწრებით. ადვოკატი განმარტავს, რომ სწორედ იმის გამო, რომ დანაშაულს არასრულწლოვანი შეესწრო, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია და  ამიტომ საქმე ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება, როგორც ამას დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი ითხოვს.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ნებისმიერი ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ის ასევე მიკერძოებულობაში ადანაშაულებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ არ მიმართა ექსპერტმა პოლიციას, თუკი არსებობდა დანაშაულის ნიშნები. ლევან ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაყალბებული იყოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები