03 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
დაზიანებები ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სხეულზე - ექსპერტიზის ბიურო მეფის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებებს სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო ეხმაურება.

დღეს ლევან ჩხეიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან დედოფალზე ძალადობის ფაქტი გამორიცხა. მან ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლითაც დასტურდება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.

ადვოკატმა ასევე ექსპერტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, თუ 2014 წელს ჩატარებული ესპერტიზის შედეგად დადგინა ძალადობის ფაქტი, რატომ არ შეატყობინა მან სამართალდამცავებს.

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში განმარტავენ, რომ მაშინ, როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა, ბიუროს არ ჰქონდა ვალდებულება, რომ შედეგები სამართალდამცავებისთვის შეეტყობინებინა.

“2014 წლის 14 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბოლატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანების და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა. აღნიშნული ვალდებულება ბიუროს გააჩნია 2017 წლის 1 ივნისიდან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე. აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე. მითითებული აქტი საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან,“ - ნათქვამია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს განმარტებაში.

შეგახსენებთ, დედოფალი მეფეს ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2014 წლის 9 მაისს მოხდა და ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო. დღეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სამართალდამცავებს ჩვენება მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები