მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მისი მთავარი თემაც 9 აპრილი იყო.
საუბარი შეეხო იმ ბრძოლას, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო და რომელიც ბოლომდეა მისაყვანი.
„ისეთი თემები განვიხილეთ, როგორიც არის რწმენა, რომ ჩვენ მართლები ვართ და ვიბრძვით სიმართლისთვის, როგორიც არის თავისუფლება, რომ თავისუფლება არის იდეალი, რომელიც ყოველ დღე არის დასაცავი“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
9 აპრილის მნიშვნელობასა და ზუგდიდელ სტუდენტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
„9 აპრილის გმირების თავგანწირვამ განაპირობა საქართველოს თავისუფლება, ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამიტომ, ეს დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უახლეს ქართულ ისტორიაში და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი სტუდენტი დღეს აქ არის მოსული და ამდენ სტუდენტს აქვს გაცნობიერებული ის მნიშვნელობა, რაც ჰქონდა 30 წლის წინ ქართველი პატრიოტების გამოსვლას“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.