ქაოსი თავდაცვის სამინისტროში - ასე აფასებენ თავდაცვის საკითხებში მომუშავე ანალიტიკოსები სკანდალს, რომელიც ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელ სამხედრო გოგონაზე ძალადობას უკავშირდება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ იზორიას უწყებას პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, რადგან არც ერთ შემთხვევას, რომელიც უწყების იმიჯს ანგრევს ობიექტური გამოძიება არ მოჰყოლია.
სამხედრო ექსპერტებს საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევა არასაკმარისად მიაჩნიათ. ისინი პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
„სრული ბარდაგია შეიარაღებულ ძალებში და გენშტაბი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს არ არის წვრილმანი ხულიგნობა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასმელის დალევა ობიექტზე, სადაც ეს არის აკრძალული. საუბარია მძიმე დანაშაულზე და ეს არის პირველ რიგში პროკურატურის პრეროგატივა და არა მოკვლევა სამხედრო პოლიციის მიერ,“-აცხადებს დიმიტრი შაშკინი.