41 წლის შოუმენი და ახალბედა პოლიტიკოსი მილოცვებს იღებს. ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენკის ამომრჩევლის 73% დაუჭირა მხარი, პეტრო პოროშენკოს კი მხოლოდ 24 %-მა.
უკრაინის საარჩევნო კომისიას ჯერ ოფიციალური შედეგები გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე მიულოცა, ვლადიმერ ზელენსკი კი მილოცვებს უკვე მსოფლიო ლიდერებისგანაც იღებს.
მას ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპი და უკრაინას შეერთებული შტატების სახელით კვლავ მხარდაჭერა გამოუცხადა. არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს მიულოცეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ნიკოლ პაშინიანმა. მილოცვა ზელენსკიმ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისგანაც მიიღო.
პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მან შტაბში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე პირობა დადო, რომ ახალი პრეზიდენტის ძლიერი მეტოქე იქნება, მაგრამ უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად, ზელენსკის თავის გუნდთან ერთად გვერდითაც დაუდგება.
მოსახლეობის აქტივობამ 62 პროცენტი შეადგინა. პეტრო პოროშენკომ ძირითადად საზღვარგარეთ და უკრაინის დასავლეთ ოლქებში გაიმარჯვა. საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 აპრილს გამოაქვეყნებს.