19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
რუსულ ოკუპაციას არასოდეს შევეგუებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის ფიგურანტები დაისაჯონ - პრემიერი

საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას - ეს განცხადება, პრემიერმა პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომაზე გააკეთა.

პრემიერმა სხდომას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიეს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ რეფორმებმა საქართველო გარდაქმნა ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოდ.

მისი თქმით, საქართველომ 20 წლის წინ აიღო დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულებები.

„საქართველომ პირობა დადო, რომ ქმნიდა შეუქცევად დემოკრატიულ სახელმწიფოს. გააძლიერებდა კანონის უზენაესობას,  განახორციელებდა სასამართლო რეფორმას, იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ, უზრუნველყოფდა მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას, გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით.  ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან თანამშრომლობისა და მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად,“-განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღეს საქართველო ევროპასთან ისე ახლოსაა,როგორც არასდროს. თუმცა მისი თქმით, "ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შეჩერებას". 

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს 20% ოკუპაციას, ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპისთვის. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს იმის შესაძლებლობაც არ აქვთ, რომ წინაპრების საფლავებზე მივიდნენ და სანთლები აანთონ.

"გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკველელობის საქმეები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები,  გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული,რამდენიმე დღის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია. 

ამ და სხვა სასტიკი დანაშაულებების საფუძველზე შეიქმნა ოთხოზორია ტატუნაშვილის სია, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები, ევროსაბჭოს მთავარი ღირებულება ადამიანის უფლებების დაცვაა, ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო რუსულ ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ოკუპაციას არ შეეგუება არც საერთაშორისო თანამეგობრობა. 

დღის ამბები